18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
სურამი ფიჭვნარის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას - ბიზნესმენს ტყის იჯარით აღება სურს

სურამი შესაძლოა ტყის გარეშე დარჩეს. ერთ-ერთ ბიზნესმენს დაბა სურამში ხუთი ჰექტარი ფიჭვნარის იჯარით აღება სურს. ადგილობრივი მოსახლეობა ტყის იჯარით აღებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შემოსავლის წაყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგებიან. ბაიანთხევის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საოჯახო სასტუმროები ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ტყის იჯარით აღება ბიზნესმენ მამია ბითაძეს სურს. ბითაძემ  ტყის 49 წლით იჯარით აღების თაობაზე წერილობით ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა.

მამია ბითაძემ თავისუფალი ტერიტორია იყიდა და მალე იქ სასტუმრო „სურამი პლაზას“ მშენებლობას გეგმავს. სპეციალისტების თქმით, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარის მდელოზე მშენებლობა დაუშვებელია.

ბაიანთხეველები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი შუაგულ ტყეში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს, დამატებით კი 5 ჰექტარი ტყის იჯარით აღებას მოახერხებს, მათ ვერც დამსვენებლები ეყოლებათ და ვერც მდელოთი სარგებლობას შეძლებენ.

ბაიანთხეველები ამბობენ, რომ არც სასტუმროს მშენებლობას და არც ტყის იჯარით აღებას არ დაუშვებენ. 

ავტორი:ნანა სისვაძე. 

დღის ამბები