ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურიდან, რომლებიც ნახევარ წელიწადზე მეტია უმძიმეს პირობებში, მუდმივი შიმშილის და ანტისანიტარიის ფონზე, ციხეში იმყოფებიან, ერთ-ერთს ნუკრი ხოხბას დღეს გაათავისუფლებენ. დანარჩენი ორი გენადი კომახიძე და მეზღვაური რომან კაკალაძე კი ისევ პატიმრობაში დარჩება.
ამის შესახებ P.S. -ს ერთ-ერთმა პატიმარმა რომან კაკალაძემ აცნობა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გათავისუფლების შესახებაც ინფორმაცია მათ თურქეთის საკონსულომ მიაწოდა, საქართველოს მხრიდან კი არავინ შეხმიანებია.
რომან კაკალაძე ამბობს, რომ იგეგმებოდა სამივეს გათავისუფლება, თუმცა მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ საპატიმროს მხოლოდ ერთი მათგანი დატოვებდა.
რომან კაკალაძეს აინტერესებს, რატომ შეიცვალა მისი და გენადი კომახიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება.
დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრების ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. მათ დაახლოებით იციან, რომ ეკიპაჟი უმეტესი წევრის გათავისუფლება ლიბიის კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია, თუმცა არ იციან, რატომ ფერხდება ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწის გათავისუფლება.
806 ტონიანი, დიზელით დატვირთული, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის „REX“-ის ეკიპაჟის წევრები 2017 წლის 30 აგვისტოს, ნავთობის უკანონო გადაზიდვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს და ისინი ამ დრომდე ლიბიაში ქალაქ ტაჟურას დამანის ციხეში იმყოფებიან.