„მშვიდობა ომზე მეტია“ - ამ სახელწოდების აქცია თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. შეკრებილმა მოქალაქეებმა აქციით რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ოკუპირებულ ახალგორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მისი ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვდნენ.
დაანონსებული აქციის გამო, დაახლოებით 20-მდე რესტორანმა მუშაობა 2 საათით შეაჩერა. გარდა ამისა, სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ფეხბურთის ფედერაციამ დღეს დაგეგმილი მატჩები გადადო და წერილი გაავრცელა რაგბის ფედერაციამ.
„ეს არის სამოქალაქო სოლიდარობის აქცია. ეს არ არის აქცია, რომელიც მიმართულია რომელიმე კონკრეტული ადრესატისთვის ან დატვირთულია რაღაც კონკრეტული მოთხოვნებით. არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვახსენა ის უდიდესი ტრაგედია, რომელშიც ვცხოვრობთ 200 წელზე მეტია და ამ ტრაგედიას რუსული ოკუპაცია ჰქვია,“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა თბილისისა, აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოს 12 ქალაქში. შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსული აგრესია გააპროტესტეს და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.