18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
"ცოტათი დაიმედებულები არიან..." - ომბუდსმენი ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა

სახალხო დამცველის შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან დასრულდა.

ომბუდსმენის თქმით, პრიორიტეტად კვლავ რჩება ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხი. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი ინფორმაციით, ტატუნაშვილი ნაწამებია.

„ცოტათი დაიმედებულები არიან გუშინდელი გაცხადებების შემდეგ, პრემიერის და საპატრიარქოს მხრიდან, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას ისინი ვერ ფლობენ. მათთვის დღეს ყველაზე მთავარი არის ცხედრის დროული გადმოცემა. ყველა სხვა დანარჩენზე ისინი არ საუბრობენ. მთავარია, რომ ოჯახმა მიიღოს ცხედარი ,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას განცხადებით, ოჯახი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავეს, რადგან მოლაპარაკებების პროცესში მდგომარეობის გამწვავებას ერიდებიან. ლომჯარიას თქმით, ოკუპირებულ ახალგორში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლა გაძლიერდა.

„ძალიან გაძლიერდა ზეწოლა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ფაქტობრივად ყოველ წუთს ხდება მათი გაჩერება, ჩხრეკა გადაყვანა და ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. საზოგადოებას ეშინია გარკვეული პროვოკაციების. აქედან გამომდინარე გართულებულია ინფორმაციის მიღება,""-ამბობს ლომჯარია.

ნინო ლომჯარია დღესვე არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გატაცებული მოქალაქეების ოჯახთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 11 დღე გავიდა, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ცხედრის გადმოსვენებას, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენების ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

დღის ამბები