18 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
სკანდალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ - მესამე სექტორი მაღლაფერიძისა და ბექაურის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს 

„ეს სულ მცირე, შეჭრაა საზოგადოებრივი საბჭოს საკონკურსო კომისიის კომპეტენციაში, რომ არაფერი ვთქვათ, უფლებამოსილების გადამეტებაზე,“ - ეს განცხადება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატმა, ხატია ყურაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მორიგ სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა.

ბორდის წევრობის კონკურსის მონაწილეთა ნაწილი პასუხისმგებლობას საპარლამენტო შესარჩევ კომისიას აკისრებენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, ხატია ყურაშვილი იმედოვნებს, რომ პროცესი მაღალი ლეგიტიმაციით წარიმართება და ობიექტურად შეარჩევენ კანდიდატებს.

გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი და ხელისუფლებისათვის სასურველი წევრების შერჩევაში აქტიურად არიან ჩართული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ PR სამსახურის უფროსი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ სკანდალი პირველი შემთხვევა არ არის. გიგაურის თქმით, აღნიშნულ შეხვედრას რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ცხადია, ძალიან რთულია, დავამტკიცოთ, ის, თუ კონკრეტულად, რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა, ზოგადად, გაუმჭვირვალე პროცესთან დაკავშირებით, ესეც არის ფაქტი და უფრო აღმაშფოთებელი არის შემდეგ, უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩაერთვება ბორდის არჩევის პროცესში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები