კომპანია „ბადაგონმა" თბილისის ოფისი დროებით დახურა- ამის შესახებ განცხადება კომპანიის თანამშრომლებმა გააკეთეს. კომპანიის 30-მდე თანამშრომელი სამუშაოდ კახეთში, ,,ბადაგონის" მეორე ქარხანაში გადაიყვანეს.
კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას თქმით, მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო მას პრობლემა უკვე შეექმნა. კერძოდ, მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს ჩინურმა და რუსულმა კომპანიებმა, რაც ,,ბადაგონის" შემოსავლებზე აისახა.
სალაყაიას განცხადებით, ,,ბადაგონში" შექმნილი სიტუაციის შესახებ მან ინფორმაცია პირადად მიაწოდა საქართველოს პრემიერ მინისტრსაც.
,,ბადაგონმა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, უკვე დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა ,,ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში. ამასთან რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. ამ ყველაფრის შესახებ მე პირადად ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა აღუთქვა დახმარება ,,ბადაგონს“.
დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას ,,ბადაგონის“ ყველა საწარმოში“- განაცხადა სალაყაიამ.