„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატზე შიდა კონსულტაციები დაიწყო. ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ადასტურებს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განხილვა საბოლოოდ გადაინაცვლებს პოლიტ საბჭოს ფორმატში და პრემიერ-მინისტრი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ყველა შესაძლო კანდიდატთან მიმართებაში მიმდინარეობს განხილვა. ამიტომ დაველოდოთ სანამ ეს კონსულტაციები გადაინაცვლებს პოლიტსაბჭოს ფორმატში. და პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნება უკვე ჩვენი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი შანსები საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატებად თეა წულუკიანს და სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ.
განხილვის პროცესში მონაწილეობას არ იღებს მინისტრთა კაბინეტი. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, ის მსგავს კონსულტაციებს არ დასწრებია.
„ზოგადად, ძალიან ძლიერი კანდიდატები არიან. რა თქმა უნდა ქალ პრეზიდენტსაც მივესალმები. თუმცა განხილვებში მონაწილეობა მე არ მიმიღია. ჩემი ინფორმაციით ჯერ განხილვები არ მიმდინარეობს,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. კითხვაზე -იქნება თუ არა თეა წულუკიანი კარგი პრეზიდენტი, მინისტრი ფიქრობს, რომ კი.