18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულების სია - ტატუნაშვილის შესახებ პარლამენტი ორ რეზოლუციას განიხილავს

პარლამენტმა ტატუნაშვილის  შესახებ  ორი , ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რეზოლუციას განხილვა  დაიწყო. ერთი დოკუმენტი უმცირესობას, მეორე კი უმრავლესობას ეკუთვნის.

ორი პროექტი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ევროპული საქართველო ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს, სადაც საქართველოს მოქალაქეების წამებისა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულებს სანქციები დაეკისრებათ. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის ფრაქციის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს ერთი, საერთო რეზოლუციის შესამუშავებლად დაიწყოს განხილვები ოპოზიციასთან.

„ჩვენი მიზანი არის, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღოს ერთი, ძლიერი რეზოლუცია, სადაც იქნება შეფასებებიც, სადაც იქნება მოთხოვნილი კონკრეტული რეაგირებაც. კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით დაწყებულია. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან განხილვას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თავის მხრივ "ევროპული საქართველო“ მზად არის კონსულტაციებისთვის, მათ შორის სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან. დავით ბაქრაძის განცხადებით, განხილვები უკვე დაწყებულია.

„დავიწყეთ კონსულტაციები ამ თემაზე. დღეს დილით დავიწყეთ მსჯელობა თუ როგორ შეიძლება შეჯერდეს ორი რეზოლუციის პროექტი იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი გამოვიდეს ერთიანი პასუხით და ერთიანი რეზოლუციით. ბუნებრივია ამ პროცესში ველით და მივესალმებით სხვა საპარლამენტო ფრაქციების,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ადმიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნულთან მიმართებაში მისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როცა პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგება და მხარეები ახერხებენ შეჯერებას გარკვეულ საკითხებზე.

საკუთარი წინადადებები წარადგინეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც. პარტიის ლიდერების განცხადებით, აუცილებელია რეზოლუციაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა ჩაიწეროს, ვიდრე არ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება არ მოხდება.

საკომიტეტო მოსმენა წუთიერი დუმილით დაიწყო.

დღის ამბები