სტიქია გურიაში- გადაუღებელი წვიმების შედეგად ლანჩხუთი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე, სოფელ აცანასთან მთა ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩახერგა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდით სამუშაოები.
მთის ნაწილი გვიან ღამით ჩამოწვა, დილით კი დარჩენილი მასა ჩამოიშალა და გზა მთლიანად ჩაკეტა.
„გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ჩამოწვა მეწყერი. გაწმინდეს გზები , მაგრამ ისევ ჩამოწვა ზვავი კიდევ დიდი წვიმის შედეგად,“-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნატო ჩხაიძე.
გაწმენდით სამუშაოებს კომპანია „გზამშენი“ ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით დღის მეორე ნახევრისთვის შესაძლებელი იქნება გზა ცალმხრივად გაიხსნას.
სტიქიამ პრობლემები შექმნა გურიის სხვა სოფლებშიც. ორ დღიანი ძლიერი წვიმის და ქარის გამო დაზიანდა სახლების სახურავები. ადიდებულმა მდინარე სუფსამ კი დატბორა საავტომობილო გზები.
ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა დათვლილი არ არის.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე