18 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი სამეურვეო საბჭომ გაამართლა

იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი სამეურვეო საბჭომ გაამართლა. რვა წევრისგან შემდგარმა საბჭომ ქართული სექტორის მასწავლებელი, თეა გურგენიძე, უდანაშაულოდ სცნო.

პედაგოგს რესურსცენტრის დირექტორი, მანანა ცუცქირიძე, მეოთხეკლასელის ცემაში ადანაშაულებდა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ისმიხან მამედოვის, ინფორმაციით, გამოიკითხა მოზარდი და მისი მშობელი, რის შემდეგაც შიდა კამერების ჩანაწერი გადამოწმდა. მისივე თქმით, მასწავლებლის მხრიდან ბავშვისთვის ყურის აწევა და ხელში კალმის ჩარჭობა არ იკვეთება. არ დადასტურდა ასევე მოზარდისთვის თავში წიგნის ჩარტყმის შესახებ რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც მაშინვე არ გაიზიარეს მანდატურის სამსახურში.

მანამდე კი იგივე ვიდეომასალა მანდატურის შეტყობინების საფუძველზე დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა და ცემის ფაქტს ხელმოწერით ექვსიდან მხოლოდ ორი წევრი დაეთანხმა.

პედაგოგის შესაძლო გათავისუფლება გუშინ მეოთხე და მეთორმეტე კლასელებმა და მშობლებმა აქციით გააპროტესტეს, რის გამოც, სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა.

თეა გურგენიძე იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს და განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ელოდება.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები