18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება მერვე კლასელებს შორის - სამართალდამცველები 157-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს იძიებენ

სამართალდამცველები თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს იძიებენ.

დღეს ერთმანეთს ორი მერვეკლასელი დაუპირისპირდა. მოზარდები ერთმანეთს სპორტის გაკვეთილზე გაუსწორდნენ და შედეგად ერთი მოზარდი დაშავდა. მას მსუბუქი დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. არასრულწლოვნის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. 

შემთხვევას არაერთი მოზარდი შეესწრო. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მერვეკლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

სპორტის გაკვეთილზე თანაკლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ სკოლის ადმინისტრაციაში. 

157 საჯარო სკოლის დირექტორი, ლანა ნასიძე, აცხადებს, რომ მოზარდების მშობლებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ და ისინი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს. ასევე ინციდენტში ჩაერთო მანდატურის სამსახური. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სკოლაში სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები