18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
დაპირისპირება საკრებულოში - ოპოზიცია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას აპროტესტებს

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს მანდატი ჩამოერთვა.

პატიმრობაში მყოფი თემურ გორგაძის სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს დეპუტატმა, მარიკა დათუკიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ ყურადღებით იყვნენ, რათა გორგაძის მსგავსად ისინიც არ აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე.

"ნამდვილად არ გვიხარია, ბატონებო, რომ თქვენ, უმრავლესობის წევრები, შეცდომის თუ დანაშაულის გამო, ხვდებით საპატიმრო დაწესებულებაში. იქნებ, უფრო მეტი ყურადღებით იყოთ. არამარტო საკრებულოს წევრებს, კომისიის წევრებსაც მივმართავ,“ - განაცხადა დათუკიშვილმა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს უპასუხა, რომ კანონის უზენაესობას სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად ყველა უნდა იცავდეს.

"ნამდვილად არავის გვიხარია, თუმცა, ფაქტია ის, რომ კანონთან მიმართებაში ყველა თანასწორია, სტატუსისა და პოლიტიკური ნიშნის განურჩევლად,“ - უპასუხა გიორგი ტყემალაძემ დათუკიშვილს.

საკრებულოში სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა. ხმაური ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის საკითხის განხილვას მოჰყვა.

"ჩვენ ხელში ამ ქმედებით შეგვრჩება ის, რომ მხოლოდ ბიბლიოთეკარებს ჩაუტარებთ გაურკვეველ გამოცდებს.

"ამ კონცეფციას მე ვერ დავეთანხმები და ვერ შევაფასებ, როგორც ქმედით დოკუმენტს,“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა და მოუწოდა კულტურის სამსახურს, გაითვალისწინოს ექსპერტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა ვაჩეიშვილს, ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას იწყებენ, ნაციონალურმა მოძრაობამ კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიბლიოთეკები გაყიდა.

სხდომას დედაქალაქის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია და ბიბლიოთეკების რამდენიმე ხელმძღვანელი ესწრებოდა.

ხუნწარიას თქმით, ფალიაშვილის მე-19 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გარკვეული გეგმა ჰქონდა, რაზეც შეხვედრაზე უნდა ესაუბრა, თუმცა, ამის ნაცვლად მან კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

ხუნწარიამ ბიბლიოთეკარს ირინა კენჭაძეს შენიშვნა მისცა, რომ ის საკრებულოს სხდომას იმ დროს ესწრებოდა, როცა ბიბლიოთეკაში სამუშაო საათები დასრულებული არ იყო.

დღის ამბები