სურამის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს უმძიმეს პირობებში ყოფნა უწევთ. სიცივე, ჩამონგრეული კედლები, მოუწესრიგებელი საპირფარეშო, დანგრეული საშხაპე და აუტანელი სუნი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემების, რაც დაწესებულებას აქვს.
გარდა საყოფაცხოვრებო პირობებისა, პაციენტები ვერ იღებენ სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას.
როგორც სახალხო დამცველის დასკვნაშია აღნიშნული, კლინიკაში პერსონალის ნაკლებობაა, მათი კვალიფიკაცია კი დაბალია. არის პაციენტებზე ძალადობის ფაქტებიც.
ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ იცის, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. კლინიკას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანხა არ ჰყოფნის. სახელმწიფო თითო პაციენტზე მხოლოდ 23 ლარს გამოყოფს, ამ თანხაში შედის მედიკამენტები, მოვლა, ჩაცმა, კვება და პერსონალის ანაზღაურებაც.
ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და სამუშაოების ჩატარება ამიტომ დაგვიანდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული კლინიკების დაფინანსება ახალი წლიდან 18- დან 23 ლარამდე გაიზარდა და შესაბამისად, კლინიკებს ურჩევენ, გამოთავისუფლებული თანხა გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოიყენონ.
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო არ არის გამონაკლისი. სახალხო დამცველის აპარატის კრიტიკის მიზეზი ყოველწლიურად ხდებიან სხვა კლინიკებიც, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს მკურნალობენ. გაუსაძლისი პირობები და არასათანადო სერვისები კი, ამ დასკვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, არ სწორდება.