ტელევიზორის, მაცივრისა და სარეცხის მანქანის ქურდობისთვის 33 წლის ახალგაზრდას 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაქირავები ბინიდან დაკარგული საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთო ღირებულება 730 ლარია.
33 წლის ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ნაქირავები ბინიდან 730 ლარის ღირებულების ტექნიკა არ მოუპარავს და ცრუ ბრალდებით დააკავეს. დღეიდან ბრალდებულმა საქუაშვილმა საკანში შიმშილობა დაიწყო.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 50 ლარად ერთი ღამით ნაქირავები ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და გაყიდა.
საპირისპიროს ამბობს ბრალდებული. მისი თქმით, ბინის დროებითი მეპატრონე მას ფულს ადრეც სძალავდა და ნათესავი პოლიციელით ემუქრებოდა.
ზაზა საქუაშვილმა ნინო ბერიასგან სხვა ბინა ერთი ღამით ადრეც იქირავა. მაშინ ბინის მეპატრონემ უთხრა, რომ დივანი დააზიანა და ამისთვის 400 ლარი უნდა გადაეხადა, უარის შემდეგ კი ციხით დაემუქრა და პოლიციაში უჩივლა.
საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელი დაზარალებულის დისშვილია.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულთან ნაცნობობას უარყოფს ნინო ბერია. ის ამტკიცებს, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბინა საქუაშვილის ნაცნობ არასრულწლოვანს მიაქირავა.
კურიერი დღეს საქმის მთავარ მოწმეს ესაუბრა. 17 წლის მოზარდი გვიყვება, რომ მას პოლიციელები ზაზა საქუაშვილის წინააღდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, თუმცა, მან უარი თქვა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი