ნიკა მელია ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. საუბარია მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ზაზა გაბუნიას, განცხადებაზე, რომელმაც ბორჯომის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაში ნიკა მელია დაადანაშაულა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ პირველი ფიზიკური დაპირისპირება 12:00 საათზე მოხდა და ის ადგილზე 16:00 საათზე ჩავიდა. ნიკა მელია ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩარეულა პოლიცია.
ნიკა მელია ამბობს, რომ ერთადერთი ინტერესი, რაც ჰქონდათ მერიის წარმომადგენლებს, ეს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის გადადგომაა. მისი განცხადებით, ქართული ოცნება ღიად უარყოფდა ბორჯომის საკრებულოს და არ ესწრებოდნენ სხდომებს.
„თუ მაინცდამაინც მუშტიკრივს არ გამართავს ქართული ოცნება და არ დალეწავს ყველაფერს, მანამდე საზოგადოების კონსოლიდაცია არ ხდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ ძალადობაზეც ისაუბრა და მაგალითისთვის ქუთაისის პარლამენტში მომხდარი ინციდენტი მოიყვანა, როდესაც ერთ-ერთ დეპუტატს სამმა ახალგაზრდამ საყელოზე შემოახია და ისინი დააკავეს.
„მე არ ვარ დეპუტატი? როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მიმართ პროკურატურა არ არსებობს, არ არსებობს შსს, მაგრამ, როდესაც მათ აწყობთ, მაშინ არსებობს?“ - განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ 11 საათის განმავლობაში მასთან ერთი სამართალდამცავიც კი არ მისულა.
„იქ იყო მცდელობა, ძალდატანებით გამოვეყვანე კაბინეტიდან და 11 საათის განმავლობაში ერთი რიგითი პოლიციელიც კი არ ჩანდა“,- განაცხადა მელიამ.