საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს მოუწოდებს, ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, აუცილებლად უნდა მოხვდეს სანქციები. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო ფარატინა ფურცელს დაამტკიცებს.
„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ამ გამოწვევაზე და ამ საფრთხეზე, რომელიც ოკუპაციიდან გამომდინარე არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის იდეა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, იქნება გაზიარებული და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მმართველი გუნდი კი საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდებს, რომ ემოციებს არ აჰყვეს, რადგან ოკუპანტ ქვეყანას კონფლიქტის ხელახლა გაღვივება სურს.
„ამ ფაქტმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სასტიკი უმწეო რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით. როცა არ შეგიძლია იქ ჩახვიდე, არ შეგიძლია გამოიძიო. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ის რაც დღეს ხდება ეს არის შავი სცენარის პროლოგი, მაგრამ თუ ჩვენ სწორედ ყველაფერზე წავალთ რაც იყო ამას წინათ მაშინ ბუნებრივია, რომ მისი ფინალი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არ მინდა მე შავი სურათი დავხატო,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რუსეთის მხრიდან პროვოცირების მცდელობად აფასებს დიმიტრი ხუნდაძე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ირგვლივ ოკუპირებული ცხინვალის ქმედებას.
„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოსმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის. პირიქით, ღირსებაა და წინდახედულობაა. მხოლოდ გონივრული წინდახედულობით შეიძლება იქნას მიღწეული სასურველი შედეგი. ემოციების მოთოკვა და გონივრული ქმედება უმეტესად პოლიტიკოსებს გვმართებს,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პატრიოტთა ალიანსი საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს უსუსურს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯობია ამ ლაპარაკს სახელმწიფომ იმოქმედოს.
„უსუსური და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ დავგმოთ, დავგმოთ დავგმოთ... 25 წელია ვგმობთ იმას, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აგერ ერთ გვერდზეა ჩამონათვალი იმისა თუ რა არ შეგვიძლია ჩვენ. რომ არ შეგვიძლია არაფერი, არაფერი, არაფერი... თურმე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და როდემდე ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ასე ჩვენ,“-განაცხადა ადა მარშანიამ.