"მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვეაში ეს ადამიანი არის გარემოებათა მსხვერპლი", - ეს განცხადება, მეუფე გრიგოლმა მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მეუფე გრიგოლი დეკანოზ მამალაძეს საკუთარი ინიციატივით შეხვდა.
სასულიერო პირები დეკანოზ მამალაძეს ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ დღეს პირველად შეხვდნენ.
შეხვედრის დეტალები უცნობია, რადგან სასულიერო პირებს ციხეში მისვლის მიზეზებზე არ უსაუბრიათ.
„ბურუსი რაღაც ნაწილში გაიფანტა, რაღაც ნაწილში კიდევ ურო მეტი კითხვები გაჩნდა. ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია, რომ იგი მხოლოდ ერთადერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, რატომ იმყოფება მაშინ საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ჩემი კითხვები არ გაფანტულა, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. თქვენ იმის გაგება გინდათ, რაც ჯობია, მეც არ გამეგო. ვფიქრობ, რომ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება, არის თემა, რომელიც დაცულია, მით უმეტეს, რომ მისი სურვილი არ ყოფილა რაიმე განცხადების გაკეთება ჩემი მხრიდან. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.