"ახალი საქართველოს" ლიდერმა ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა. გიორგი ვაშაძეს შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნულ დემოკრატიულ და ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან. მისი ინფორმაციით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოში არსებული მედია გარემო და“ რუსთავი 2“-ის საქმე.
“ფიქრობენ, რომ საფრთხეა დღეს ქვეყანაში ბევრი ის ინიციატივა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ის შეტევა მედიაზე, რომელიც ხორციელდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ის პირდაპირი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მოსპოს ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგი, გაანადგუროს და დატოვოს მხოლოდ სატელიტი პოლიტიკური პარტიები ოპოზიციურ ფლანგზე. ამას ცალსახად ხედავს ამერიკული მხარე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.