ქალების საერთაშორისო დღეს 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ქართულ პოლიტიკაში გენდერული ბალანსი დარღვეულია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოს გენდერული ნიშნით კვოტირებაა. ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში მამაკაც და ქალ დეპუტატებს შორის თანაფარდობა 50/50-ზე უნდა იყოს.
„ინიციატივა გულისხმობს ქალების და კაცების თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფას. პარლამენტს აქვს ისტორიული შანსი მხარი დაუჭიროს იმ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას,“-განცახადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელმა იდა ბახტურიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ და დეპუტატებს შეახსენეს, რომ კანონპროექტის მიღებას მათთან ერთად საქართველოს 40 000-მდე მოქალაქე ითხოვს.
„რატომ არის საჭირო ქალთა წარმომადგენლობა არჩევით თანამდებობებზე, იმიტომ რომ დღეს საქართველოში გვყავს 53% ამომრჩეველი ქალი. მაგრამ პარლამენტში ბოლო შედეგებით 16% ქალი აირჩიეს. მთლიანად საქართველოს მასშტაბით 2017 წელის არჩევნებზე კანდიდატებს შორის მხოლოდ დაახლოებით ცამეტ ნახევარი ქალი აირჩა. ანუ ეს არის მნიშვნელოვნად არათანასწორი წარმომადგენლობა,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.