უნდა არსებობდეს თუ არა გენდერული კვოტა პარლამენტში - ამ საკითხზე დეპუტატებს შორის და მათ შორის მმართველი გუნდის შიგნითაც, აზრი ორადაა გაყოფილი. „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატების ნაწილი ინიციატივას მხარს უჭერს, მაგრამ იქვე აღნიშნავს რომ მათივე კოლეგა მამაკაცების დარწმუნება უჭირთ.
საუბარია მესამე სექტორის მოთხოვნაზე, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოს გენდერული ნიშნით კვოტირებაა. ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში, პროპორციული სიით გასულ მამაკაც და ქალ დეპუტატებს შორის თანაფარდობა 50/50-ზე უნდა იყოს.
უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ ინიციატივას აქტიური მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც ჰყავს და ოპოზიციაშიც.
„ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მათშორის აქტიური მომხრეები და აქტიური მოწინააღმდეგეებიც ამ კანონპროექტს ყველა პარტიაში, არა მარტო უმრავლესობაში. ჩემთვის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია გავა თუ არა ეს კანონპროექტი, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.