18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტი“ რუსული სოციალური ქსელების დასაბლოკად პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტი“ რუსული სოციალური ქსელების დასაბლოკად პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებს და ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული სოციალური ქსელები კრემლის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან და ამ ქსელების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მსგავსი უნდა იყოს, სადაც რუსული ინტერნეტი თითქმის ერთი წელია დაბლოკილია.

რუსული სოციალური ქსელები საქართველოში  კი ყველაზე პოპულარული ვებ გვერდების ათეულშია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ოთარ ლომთაძემ დღეს „კურიერისთვის“ ექსპერიმენტი ჩაატარა.

მან odnoklassniki.ru-ზე ფოტო რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციიდან ატვირთა, სადაც აქციის მონაწილეები პუტინს ოკუპაციაში ადანაშაულებდნენ. ლომთაძე დარწმუნებულია, რომ ამ სურათს რუსული სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მალე დაბლოკავს.

რუსული სოციალური ქსელების odnoklassniki.ru-ისა და ВКонтакте.ru-ს დაბლოკვის ინიციატორს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას მალე სხვებიც შეუერთდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია დაბლოკვის აუცილებლობას ინტერნეტ თამაშ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებს. ისინი განმარტავენ, რომ რუსული სასიკვდილო თამაშის პროპაგანდა სოციალური ქსელით ხდება.

საქართველოში რუსული სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატორებმა ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. პეტიციას დილიდან ინტერნეტ მომხმარებელი უერთდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას, პრეზიდენტს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები