თბილისის 163-ე ბაღის ყოფილი დირექტორის ქმედებების გამო სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების გაყალბების მუხლით აღიძრა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით დღეს ისანი-სამგორის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თუმცა თემურ თორდინავა საგამოძიებო უწყებაში დაბარებას არ ადასტურებს.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და თქვენგან ვიგებ პირველად. არსად არ ვარ დაბარებული., არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას იმიტომ, რომ არავის არ დაურეკავს ჩემთვის,“-აცხადებს თემურ თორდინავა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფიო სიყმაშვილი დოკუმენტებზე საკუთარი მოადგილისა და დაღუპული თანამშრომლის ნაცვლად აწერდა ხელს, ამის შესახებ კი ინფორმაცია ჰქონდა ბაღების სააგენტოს მაშინდელ ხელმძღვანელს.
საქმეში ფიგურირებს ფარული სატელეფონო ჩანაწერიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.
„საქმე აღძრულია ისეთ საქმეზე, სადაც თავად თემურ თორდინავა და მისი სატელეფონო ჩანაწერი ფიგურირებს, უშუალო შემხებლობაშია ეს ადამიანი ამ საქმესთან. რადგან შს სამინისტრომ ჩათვალა, რომ საქმე უნდა აღიძრას, ესე იგი მტკიცებულებები და ფაქტები არის იმდენად რეალური, რომ რომ არ აღიძრას საქმე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.