მუსიკოსი, ლაშა კაცია პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ლაშა კაციას თქმით, ის გუშინ ღამით სამართალდამცავებმა სცემეს და სასამართლოზე პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების აღიარებას სთხოვდნენ.
ლაშა კაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ მას ნარკოტიკების ჩადებითაც ემუქრებოდნენ. ლაშა კაცია იხსენებს, რომ უცნობი პოლიციელები აგრესიულები მის ხელში ტელეფონის დანახვის შემდეგ გახდნენ.
სახლთან დაკავებული მუსიკოსი სამართალდამცველებმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი თქმით, იძულებით მოაწერინეს ხელი ოქმზე, რომლის შინაარსიც არ წააკითხეს.
ლაშა კაციას ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ დღეს დილით გაიგეს. ისინი დამნაშავე პოლიციელების დასჯის მიზნით სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. დაზარალებულის ძმამ დახმარებისთვის დილიდან მიმართა არასამთავრობო სექტორს.
ნიკა და ლაშა კაციებმა წუხელ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დილით დაწერეს. მათ სტატუსებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოხმაურება მალევე მოყვა. გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ისინი ჯერ სახლში გამოკითხეს, შემდეგ კი სამინისტროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ ლაშა კაცია დაკითხვაზე უკვე თბილისის პროკურატურაში მივიდა. როგორც გაირკვა, უწყებამ გამოძიება პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ჯგუფურად და ძალადობით შესაძლო გადამეტებაზე დაიწყო.
პროკურატურაში კაციას დაკითხვას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტიც ესწრებოდა.
სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში პროკურატურა ამოცნობის პროცედურასაც დანიშნავს. ლაშა კაციამ გამოძიებას იმ პოლიციელებზე უნდა მიუთითოს, რომლებმაც მას საკუთარ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.