სამართალდამცავები 163-ე საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების ფაქტს იკვლევენ. ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა და ბაღის დირექტორის ყოფილი მოადგილე საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, ირკვევა, რომ დირექტორმა მისი მოადგილისა და უკვე გარდაცვლილი თანამშრომლის ხელმოწერები გააყალბა. ჩანაწერის მიხედვით, თემურ თორდინავასთვის მომხდარი ცნობილია, თუმცა დღეს ამ ფაქტსაც და პროკურატურაში დაბარებასაც უარყოფს.
ის რომ გამოძიება დაწყებულია, არ უარყოფს 163-ე საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ხათუნა მეგრელიშვილი, რომლის ხელმოწერაც, სავარაუდოდ, დირექტორმა გააყალბა. მეგრელიშვილი ეჭვობს, რომ ეს მაქინაცია დირექტორს, სოფიო სიყმაშვილს მისი ბაღიდან გათავისუფლებისთვის სჭირდებოდა.
მეგრელიშვილმა დახმარება თემურ თორდინავას სთხოვა, თუმცა საბოლოოდ ბაღიდან ის მაინც გაათავისუფლეს.
სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს 163-ე საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორიც. სოფიო სიყმაშვილი ამტკიცებს, რომ ხელმოწერები არ გაუყალბებია. მან თანამდებობა ჩანაწერების გავრცელებამდე დატოვა. ბაღების სააგენტომ სპეციალურად მისთვის 115-ე საჯარო ბაგა-ბაღში ახალი სპეცმასწავლებლის შტატი შექმნა.
ხელმოწერების გაყალბების საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილიც დაიკითხა, რომელმაც სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და ფარული ჩანაწერი გაავრცელა.