თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასამდე შეტყობინება შევიდა.
თბილისში 68 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. წაქცეულია ხეები, გარე განათების ბოძები, გაწყვეტილია ელექტრო სადენები, დაზიანებული ავტომობილები და გაზის მილები.
„მთელი ღამის განმავლობაში 60-მდე შეტყობინება იყო შემოსული. ძირითადად იყო სახურავების და თუნუქის ფურცლების ახდა, სარეკლამო ბანერების დაზიანება, იყო რამდენიმე ხის წაქცევის შემთხვევა, მაგრამ ამ ინცინდენტების შედეგად დაშავებული არავინ არ არის,“ - განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა.
ძლიერი ქარის გამო, 112-ის სამსახურში თბილისიდან ყველაზე მეტი შეტყობინება დიღმის, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მოსახლეობის მხრიდან. მოსახლეობის ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიის მიწოდება, ჯერჯერობით, არ აღმდგარა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
უამინდობის შედეგად რამდენიმე რეგიონში მთის მასაც ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
სტიქიამ რამდენიმე რეგიონში მეწყერიც გამოიწვა. შეფერხებით მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და გაუქმდა სამი რეისი.