18 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
მესამე სექტორი საზმაუს ბორდში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლად იზაბელა ოზიპოვას დანიშვნას ითხოვს

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის ყოფნის აუცილებლობაზე საუბრობენ. 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა, სადაც იზაბელა ოსიპოვას საბჭოს წევრად არჩევას მხარდაჭერას უცხადებენ. თავად იზაბელა ოსიპოვა ამბობს, რომ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას უცხო ქვეყნების მედიიდან იღებენ და ხშირად არაობიექტურს. მისი თქმით ბორდის შემადგენლობაში ყოფნისას სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს.

„თუ ვსაუბრობთ სამოქალაქო ინტეგრაციაზე აუცილებელია, რომ ეროვნული უმცირესობები იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ვენ გვაქვს ორი დიდი რეგიონი სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი, სადაც არის სრულიად ინფორმაციული ვაკუუმი და ადგილობრივმა მოსახლეობამ ზოგადად არ იცის იმის შესახებ თუ  რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ძირითადად უყურებს სხვა ქვეყნების მედიას და ინფორმაციას იღებს სხვა ქვეყნების მედიებიდან. ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაციები არის არაობიექტური. ვეცდები აი ეს პრობლემა მოვაგვარო,“-განაცხადა იზაბელა ოსიპოვამ.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ  ეთნიკური უმცირესობების 65% ქართულ მედია საშუალებებს არ უყურებს, რაც ძალიან დიდი ციფრია.

„ჩვენ უნდა შემოვატრიალოთ ეს ხალხი ქართულ მედია სივრცეში, რაც  მნიშვნელოვანია და იმ ფონზე,  რა ფონიც არსებობს დღეს საქართველოში, სადაც გააქტიურებულია მეზობელი ქვეყნის მედია საშუალებები, არავის აღარ რჩება კითხვა რატომ უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და როლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,“-განაცხადა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკას" თავმჯდომარის ნაირა ბებიევის შეფასებით იზაბელა ოსიპოვას აქვს სატელევიზო სივრცეში მუშაობის გამოცდილება და ის შეძლებს რომ მაღალ პროფესიულ დონეზე განახორციელებს თავის მოვალეობებს.   

დღის ამბები