არჩილ ტატუნაშვილის საკითხის დაყენებას ქართული დელეგაცია ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას აპირებს.
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები გვიან ღამით ნიუ- იორკში გაემგზავრნენ. ისინი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიას დაესწრებიან. დაგეგმილია სესიაზე თამარ ჩუგოშვილის სიტყვით გამოსვლა.
დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
„ვიზიტი ეძღვნება ქალების უფლებების თემას თუმცა რა თქმა უნდა გაეროში ჩასვლა და ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი არის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ჩვენ გამოწვევებზე. გამოვიყენებთ ამას ორმხრივი შეხვედრებისთვის. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხმამაღლა დავაყენოთ ტატუნაშვილის როგორც ახლა მოგვარების საკითხი, ზოგადად ის რომ მოხდეს აღკვეთა და პრევენცია რუსეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის ესეთი სასტიკი ფორმების,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.