18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
მრევლმა უნდა გაიგოს ისე, რომ შემოკრას საკუთარ თავში განგაშის ზარებს-სასულიერო პირები პატრიარქისა და მისი მოსაყდრის განცხადებაზე საუბრობენ

პატრიარქის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას უკვე აღარაფერი ეშველება, სასულიერო პირები ეხმაურებიან. ისინი მეუფე შიოს მოწოდებასაც აფასებენ. პატრიარქის მოსაყდრემ მღვდელმსახურებს ეკლესიებიდან ხალხში გასვლა ურჩია.

მეუფე ვახტანგ ახვლედიანი, ცურტაველი მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული.

„მარტინ ჰაიდეგერი ბრძანებს, კაცობრიობა შევიდა ჩიხში, წინ კედელია, უკან ვერ ტრიალდება და არის მხოლოდ ღვთის მოლოდინში. ეს არის დღევანდელი საქართველო,“ - განაცხადა მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა.

ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ მეუფე შიოს ინიციატივამ შესაძლოა, საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს.

„ამ ეტაპზე შესაძლოა მოხდეს პირიქით, უკუ რეაქცია მაგრამ საბოლოოდ, გაიმარჯვებს სასულიერო ჩვენი მოღვაწეობა. მე ბევრ რამეში ვეთანხმები მეუფე შიოს, მაგრამ ყველას აქვს თავისი აზრი, შეხედულება და ხედვა. ძალიან კარგი, დროული განცხადებები გაკეთდა, იმიტომ რომ ეკლესია გრძნობს ამ ყველაფერს და სიმართლეს ღაღადებს ყოველთვის,“ - განაცხადა მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა.

პატრიარქისა და მეუფე შიოს განცხადებების შესახებ შეფასება გააკეთა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანე მჭედლიშვილმა.

„არის ხოლმე, თუმდაც ჩემშიც შემოდის ხშირად ეს სკეპტიკური შეხედულება, რომ ადამიანები რაღაცას ცდილობენ, რომ  გააკეთონ და უბრუნდებათ ძალიან ცუდად ეს ყველაფერი, ეს სიკეთე და მესმის ძალიან კარგად, რაც ბრძანა მისმა უწმინდესობამ. მრევლმა უნდა გაიგოს ისე, რომ შემოკრას საკუთარ თავში განგაშის ზარებს და თქვას, რომ რაღაცას ისე სწორად არ ვაკეთებ და აუცილებლად უნდა დაიყოს სხვანაირად ფიქრი,“ - აღნიშნა სამების ტაძრის მღველთმსახურმა მამა იოანე მჭედლიშვილმა.

სამების ტაძრის მღველთმსახური მამა თეიმურაზ თათარაშვილი მეუფე შიოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს იზიარებს და ამბობს, რომ ის სასულიერო პირებს ახსენებს, თუ რა მისია აკისრიათ მათ სამყაროში.

„მეუფე შიოს განცხადება არის ყოველ მიზეზს გარეშე, ყოველი სასულიერო პირის მიერ, ძალიან კარგად გასააზრებელი,“ - აღნიშნავს მამა თეიმურაზ თათარაშვილი.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები