რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი იყოს - 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებას მედია ექსპერტები და საბჭოს წევრობის სხვა კანდიდატები ეხმიანებიან.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ყოფნას მიესალმება.
„მივესალმები, რომ იყოს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, მით უმეტეს ეს ადამიანი ვიცით, რომ მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში და ის არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არამედ ნებისმიერი უმცირესობის და მოწყვლადი ჯგუფის დაცვა შეუძლია და როგორც წარმომადგენელი, პირადად მე მივიჩნევ რომ რატომაც არა, უნდა იყოს,“ - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.
განცხადება გააკეთა იურისტმა ბაია პატარაიამ, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხს, რომ ბორდში იყოს ისეთი პირი, რომელსაც უმცირესობების საკითხი კარგად ესმის.
„მნიშვნელოვანია, ბორდში იყოს ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და კარგად იცის უმცირესობების საკითხები, თუმცა კანდიდატებში ასეთი რამდენიმე ადამიანი იკვეთება, რაც მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ ბორდი შედეგს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ე.წ. კონსტრუქციული და ჩუმი კრიტიკით კი არ იქნებიან დაკავებული, არამედ შეძლებენ, რომ ხმამაღლა ისაუბრონ იმ პობლემებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს,“ - აღნიშნა ბაია პატარაიამ.