პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიომ, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მეუფე შიო წილკანში სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა.
„გადავეცით მისი უწმინდესობის სანუგეშო სიტყვები, დალოცვა, იმიტომ, რომ ვართ ძალიან შეშფოთებულები, რომ ამდენ ხანს გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, რომ ქრისტიანულად დაკრძალოს და ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედია არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი,“ - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო აღნიშნავს, რომ რუსეთის პატრიარქის საპასუხო წერილის მიღების შემდეგ, აღარ ჰქონიათ კომუნიკაცია რუსეთის საპატრიარქოსთან.
დეკანოზი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია იმედოვნებს, რომ ამ კვირას მაინც გაირკვევა ცხედრის გადმოსვნების საკითხი.
„რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პირადი შეხება, იმიტომ, რომ თვითონ რუსეთის ეკლესიას არ აქვს. ამიტომ, როგორც ჩვენს ეკლესიას სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს ჩვენ პირადად შეხება არ აქვს ამ ყველაფერთან, ასე ეკლესიას არ შეიძლება რამე შეხება ჰქონდეს ამ ცხედართან დაკავშირებით. უბრალოდ, მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან, რაც არის საშუალება, რომ ჩვენ დაგეხმარებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება,“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. რუსეთის პატრიარქის საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემების მიღების შემდეგ წითელი ჯვრის დახმარებით იგეგმება.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე 22 თებერვალს დააკავა, 23 თებერვალს კი გაავრცელა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.
ორ კვირაზე მეტია, რაც ტატუნაშვილების ოჯახი შვილის გადმოსვენებას ელოდება.
დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და პასუხების მიღებამდე ცხედრის გადმოცემა არ იგეგმება.