არამოსამართლე წევრის ინიციატივა მოსამართლეების გამოცდასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაიზიარა. ანა დოლიძე მოითხოვდა, რომ გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს ჩამოშორებოდა, რათა საბჭოს წევრებს აღარ ჰქონოდათ გავლენა საგამოცდო პროცესზე.
„ისტორიულად, არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ გამოცდა არ იყო ჩატარებული ობიექტურად. მე ვფიქრობ, თავად სასამართლოს ხელისუფლების ინტერესშია, რომ გამოცდები ჩაატაროს ისეთმა ორგანომ, რომლის კომპეტენციაში, ექსპერტიზაში და დამოუკიდებლობაში, კონკრეტულად ამ საკითხში, საქართველოში ეჭვი არავის არ შეეპარება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის ინიციატივა, გამოცდების ჩატარების კომპეტენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადასცემოდა, მოსამართლე წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ვერ აირჩევს კანდიდატს, თუ მას არ აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. ეს არის გამოცდის დანიშნულება. ანუ ეს არის შერჩევა-დანიშვნის პროცესის შემადგენელი ნაწილი და სასამართლო ხელისუფლებიდან, ასეთი ფუნქციის გადატანა ხელისუფლების სხვა შტოში, ვფიქრობ რომ არასწორი იქნება,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.