"უდანაშაულო პატიმრის შოკისმომგვრელი ისტორია," - ასე აფასებს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ორსაათიან შეხვედრას ნიკა გვარამია.
ადვოკატის სტატუსით გვარამია მატროსოვის ციხეში დღეს პირველად მღვდლის თხოვნით შევიდა.
ციხის საკანში მღვდელმა იურისტს უამბო ის, რაც საჯარო დღემდე არ თქმულა.
შეხვედრის დეტალებზე გვარამიას არ უსაუბრია და მხოლოდ ის თქვა, რომ დეკანოზი "სახელმწიფოს მძევალია", საპატიმროში უდანაშაულოდ ზის და ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ევროსასამართლოში დავამდე ადვოკატთა ჯგუფს აძლიერებს. ნიკა გვარამიასა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.
საქმის სტრასბურგში წაღებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს სარჩელით უზენაეს სასამართლოს მიმართეს. უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს.
ნიკა გვარამიასა და დეკანოზ მამალაძის შეხვედრამდე ე.წ. "მატროსოვის" ციხეში პატიმარი მღვდელი საპატრიარქოს წარმომადგენელს შეხვდა. მამა კახაბერ გოგოტიშვილი მასთან მოსკოვში გამგზავრებამდე ბოლოჯერ შევიდა. მას დეტალურად არ უსაუბრია, რატომ შეხვდა მსჯავრდებულს, თუმცა თქვა, რომ მას დაემშვიდობა.
დეკანოზთან შეხვედრის დეტალებზე ნიკა გვარამია დღეს გადაცემა არჩევანში ისაუბრებს.