მესამე სექტორი პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი ჰქონდა, როდესაც მიმართავდა რუსეთის ფედერაციას. სამოქალაქო სექტორისთვის გაუგებარია, რა შედეგზე იყო მიმართული გიორგი კვირიკაშვილის ეპისტოლარული ჟანრის ურთიერთობები რუსეთთან. მესამე სექტორისთვის უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა, პრემიერის დღევანდელი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია ტოვებს ურთიერთობების სივრცეს.
„გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რამე განსხვავებულ პასუხს თუ ელოდა ის რუსეთისგან. ამიტომ არის აბსოლუტურად აბსურდული და გაუგებარი რატომ გაკეთდა საქართველოს მხრიდან ასეთი ტიპის მიმართვა. მსჯელობა ამ საკითხებზე, როგორც ჩანს კაბინეტის შიგნით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, არც პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით, არც მკაფიო სტრატეგია როგორ ვაპირებთ ჩვენი ფორმატის დაცვას,“-განაცხადა "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" პრეზიდენტმა დავით სიხარულიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესებს აზიანებს აბაშიძე-კარასინის ფორმატი და ის ამ ფორმით აღარ უნდა გაგრძელდეს.
”საქართველოს რეფორმების ასოციაციაში” (GRASS) კი ფიქრობენ, რომ პასუხი, რომელიც პრემიერმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, არის ცინიკური.
„პასუხი ის, რაც მივიღეთ შესაბამის განცხადებაზე რუსეთის მხრიდან გახლავთ ცინიკური მაგრამ უფრო მეტიც, ეს გახლავთ საფრთხეების შემცველი. ვინაიდან რუსეთი და ამ განცხადებაში ეს იკითხება შეეცდება მან სათავისოდ გამოიყენოს ის ბუნდოვანი გზავნილები რაც იყო პრემიერის განცხადებაში. ეს არის სწორედ ჩვენთვის საფრთხე“-განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.
”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს აზიანებს იმ პოლიტიკიდან გადახვევა, რომელიც ცალსახად ხაზს უსვამს რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა პირდაპირ უკავშირდება რუსეთს.
„ნებისმიერ ფორმატზე საუბარი, რომელიც იქნება პირდაპირი დიალოგის რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიებთან არსებული დე ფაქტო ხელისუფლებებთან თუ იქნება რუსეთთან ერთი ერთზე მოლაპარაკებებთან დარჩენა მსგავსი მინიშნებები ან ნაბიჯები არის საფრთხის შემცველი საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის. ის რაც მონაპოვარი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის რაც გულისხმობდა იმას რომ რუსეთი აღიარებულია როგორც ოკუპანტი ამ ტერიტორიებზე და როცა იქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ვსაუბრობთ სწორედ ის არის მხარე ამ პოლიტიკიდან გადახვევა აზიანებს საქართველოს ინტერესებს,“-განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.