გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის ბრალდებებზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ არაფერი იცის. როგორც კახა კუჭავა ამბობს, მან დილით გაიგო მომხდარის შესახებ, ამიტომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. დეპუტატი ამბობს, რომ ყველაფერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის და მისი მოადგილის განცხადების შემდეგ გაირკვევა.
„დაკავშირებულია რეორგანიზაციასთან, დარწმუნებული ვარ. შესაბამისად ალბათ ნათელი მოეფინება იმ დეტალებს, რომელზეც საუბრობს თამარ ბაგრატია. თამარ ბაგრატიასთან ჩვენ რამდენიმე ღონისძიება გვქონდა ერთობლივი კომიტეტთან და შევაფასებდი ძალიან კარგად. პირიქით, ძალიან კონსტრუქციულად და ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით,“-განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. თამარ ბაგრატიამ მიზეზად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის და მისი მოადგილე საკადრო გადაადგილებებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პირველი პირები მას სთხოვდნენ თანამდებობაზე უკონკურსოდ დაენიშნა არაკვალიფიციური პირები.