18 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
„ასეთი მავნებლობა ერთი კაცის სურვილისთვის დასაშვებია?“- ქობულეთიდან ივანიშვილის ახალი ხეების გადასატანად ქარსაცავის გაჩეხვა გრძელდება

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ქობულეთიდან გიგანტური ხეების გადატანა გრძელდება.

ხეების გადატანისთვის ასევე გრძელდება იმ ხეების მასიური ჭრაც, რომელიც გადარგვის სამუშაოებს ხელს უშლის.

როგორც „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ურეკში, ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად ათეულობით ახალ ხეს ამზადებენ.

გააჩანაგეს ყველაფერი, ერთი ხის წაღებაზე ოთხმოცს ჭრიან. აფუჭებენ ყველაფერს, რაც გააფუჭეს იმასაც არ აკეთებენ. ასეთი მავნებლობა ერთი კაცის სურვილისთვის დასაშვებია?“- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები აკაკი ჯაიანი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხეების გადასატანად სპეციალურად დააგეს გზა, რომელიც სპეციალური ტექნიკის გადაადგილებისას ზიანდება.

„დააგეს ერთჯერადი გზები და ისიც განადგურდა მძიმე ტექნიკა დადის და იმიტომ,“-ამბობს ადგილობრივი მოსახლე მერაბ შანიძე.

კიდევ ერთი ადგილობრივის ნოდარ კილაძის თქმით, მოსახლეობას აქვს ინფორმაცია, რომ ხუცუბანსა და აჭყვისთავში გადასარგავად 40 ძირი ხეა მომზადებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ აჭარის საგზაო დეპარტამენტმა სასწრაფო წესით გზის დასაგებად მილიონ-ნახევარი ლარი გამოჰყო.

„ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, აჭარის საგზაო დეპარტამენტმა სასწრაფოდ გამოყო მილიონ-ნახევარი ლარი და იმის გამო, რომ რამდენიმე ხის გატარებას მოემსახუროს გზა დააგეს იმ ხარისხის ასფალტი, რა ხარისხიც ეყოფა ამ ხეების გადატანას,“-ამბობს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნოდარ კილაძე.

ბრალდებებს პასუხობენ ქობულეთის მერიაში. ქობულეთის მერის განცხადებით, მოჭრილია მხოლოდ ის ხეები, რომლის მოჭრის უფლებაც ან მოსახლეობას ჰქონდა, ან კიდევ სტიქიის დროს დაზიანდა.

„რაც შეეხება ხეებს  ნაწილობრივ მოხდა გეგმიურად, რომელიც დაკავშირებული იყო ზამთრის სეზონთან, ნაწილობრივ ეს იყო კერძო საკუთრებები, სადაც მოგვმართეს მოქალაქეებმა და ამ მომართვის საფუძველზე მათ თავის საკუთრებაში აქვთ უფლება მოჭრან ეს ხეები და მოჭრეს, ნაწილობრივ იყო ავარიული ხეები, რომლებიც ბოლო პერიოდში სტიქიისას ანუ ძლიერი ქარისას დაზიანდა,“ -ამბობს მირიან ქათამაძე.

ცეცხლაური ლაითურის ორ კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ბოლო რამდენიმე ხნის მანძილზე, გაიჩეხა და ჩამოიჭრა ათასობით ასწლოვანი ხე. ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის გამო, მოსახლეობა შიშობს, რომ სტიქიის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

დღის ამბები