პატრულის დევნის ოპერაციის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე დღეს გორში მორიგი პროცესი გაიმართა. პროცესზე საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟის თანამშრომლები დაიკითხნენ, რომლებიც დევნას ახორციელებდნენ.
დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნულმა ეკიპაჟმა მოძრავი მანქანიდან გააფრთხილა ხახუბია, რომ გზა გადაკეტილი იყო.
„ერთ-ერთი მათგანი არის იმ ეკიპაჟის წევრი, რომელიც ხახუბიას გვირაბთან მიახლოებისას ხმოვანი სიგნალით ეძახდა და აფრთხილებდა, რომ მოძრაობა იყო შეზღუდული და შეეჩერებინა ავტომანქანა. აქედან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ ხახუბია ინფორმირებული იყო გვირაბს მიღმა არსებული შეზღუდვის შესახებ,“ - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
ბრალდების მხარე საპასუხოდ აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულება, ანუ აუდიო ჩანაწერი არ არსებობს, და მოსამართლეს მხოლოდ სიტყვაზე მოუწევს მათი ნდობა.
„ბრალდების მხარე თვლის, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს, იმისთვის, რომ წარდგენილ ბრალდებებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცნობილ იქნან დამნაშავედ. რაც შეეხება საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა,“ - ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.