ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციაში ასწლოვანი ხეები გადაიტანეს.
ქობულეთიდან წამოღებული სამი მცენარე ნატანების ახლად აღდგენილ ვიწრო ხიდზე ვერ გაატარეს და ყოფილის პრემიერის ეზოში მისასვლელად ალტერნატიული გზის გაყვანა გახდა საჭირო. ამის გამო, რამდენიმე საათი შეწყვეტილი იყო ბათუმი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლაც. სარკინიგზო მაგისტრალზე ჩახსნილი იყო ელექტროსადენები.
ხიდი 2 წლის წინ გარემონტდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. ახლა კი, ხეების ტრანსპორტირების დროს იქ მთლიანად განადგურდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ათობით ხე მოიჭრა.
ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს კუთვნილი გზა გადიოდა. ურეკი-წვერმაღალას მონაკვეთი ახლა შემოღობილი აქვს კერძო კომპანიას და იქ სამუშაოები მიმდინარეობს. ეს გზის უკვე მეორე მონაკვეთია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საკუთრებაში გადაეცა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გზის ნაწილი ივანიშვილს საკრებულოს სხდომაზე განხილვის გარეშე გადაეცა.
რა სამუშაოები მიმდინარეობს ურეკი - წვერმაღალის მონაკვეთზე ინფორმაცია არ აქვთ ”ქართულ ოცნებაში”.
ასწლოვანი კვიპაროსების ტრანსპორტირებისთვის სხვა საუკუნოვანი ხეები და ქობულეთის ქარსაცავი ზოლიც გაიკაფა.
სოფელ ოჩხამურში დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მოეწყო. მოსახლეობის ინფორმაციით, 1 თვის წინ დაგებული გზა რამდენიმე ტონიანი ავტომანქანების გადაადგილების გამო უკვე დაზიანებულია.
ქარსაცავის განადგურებაში პრობლემას ვერ ხედავენ ქობულეთის მერიაში და გაჩეხვას გეგმიურ სამუშაოებს უკავშირებენ.
ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთ საქართველოს სამი რეგიონიდან უკვე 100-ზე მეტი ასწლოვანი ხე საკუთარ ეზოში გადაირგო. ამის გამო კი, 1000-მდე ხე და საგზაო ინფრასტრუქტურა განადგურდა.
ავტორი:ლადო მენაბდე, ნინო ვარძელაშვილი