18 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
სადაო ეკლესია - სომხური ეპარქია აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარე ეკლესიისთვის იბრძვის

საქალაქო სასამართლოში სადაო ეკლესიის პრეცედენტული საქმის განხილვები დაიწყო. მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლების რუკაზე, რომელიც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელმა მოიძია, ახლანდელი მარჯანიშვილის ტერიტორიაა ასახული. რუკის მიხედვით, სადაო ეკლესია ყოფილი კუკიის, ახლანდელი აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარეობს.

მიხაელ ავაქიანი ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ სახელმწიფო სტრუქტურები შეცდომაში შეიყვანა.

საპატრიარქო ამტკიცებდა, რომ აღმაშენებლის 38 ნომერში რამდენიმე საუკუნის წინ ჯვრის გამოჩინების მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობდა, რომელიც შაჰ აბასის შემოსევების დროს განადგურდა. ამ ნანგრევებზე კი, 1867 წელს თანდოიანცების ოჯახმა ე.წ. სომხური ტაძარი ააშენა. საჯარო რეესტრმა ტერიტორია საპატრიარქოს საკუთრებაში რამდენიმე თვის წინ დაარეგისტრირა.

არქეოლოგი მერაბ ძნელაძე დარწმუნებლია, რომ  ტერიტორიაზე მე-15- მე16-ე საუკუნეებში მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობდა. 

სომხური ეკლესიის ინტერესებს ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იცავენ. მოპასუხე მხარე საჯარო რეესტრია, თუმცა, სასამართლომ მესამე მხარის სტატუსი უკვე მიანიჭა საპატრიარქოს.

მომჩივანი სომხური ეპარქია, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს. მხარემ ალტერნატიული ისტორიული კვლევა ჩაატარა, რომელშიც, მათი მტკიცებით დასტურდება, რომ აღმაშენებლის 38 ნომერში მართლმადიდებლური ეკლესია არასოდეს ყოფილა.

სომხური ეპარქია, ადგილობრივი სასამართლო დავების დასრულების შემდეგ, საკუთრების უფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები