"მედიქლაბში" გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე შვედი ტურისტი ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაყვანეს.
რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილ 7 დაშავებულს, მათგან ერთს, 30 წლის უკრაინელ ქალს, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მას ხერხემალი აქვს დაზიანებული, დანარჩენი 6-ს კი მოტეხილობები და მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.
„მედიქლაბის” დირექტორი, გიორგი გოცაძე აცხადებს, რომ შვედი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილიც. მისი განცხადებით, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოძიებით გამოიკვეთება.
„დაშავებულების ოჯახის წევრებთან ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, მუდმივი კომუნიკაცია, ყველა ოჯახზე არის მიმაგრებული ადამიანი იმისთვის, რომ მათ არ დააკლდეთ ზრუნვა, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფრით ამ ოჯახებს, მათი ოჯახის წევრებს,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის თქმით, სავარაუდოდ, ევროპელი ექსპერტები ჩაატარებენ კვლევებს. ვიცე პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ექსპერტებთან, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა გამოძიებაში ჩართავს.
გუდაურში საბაგიროს გაუმართაობის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.