უკვე ათი დღეა, მამაკაცი საკუთარ შვილზე ძალადობის ბრალდებით წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. 17 წლის გოგოს სახეზე ამ დრომდე ეტყობა დაზიანებები, თუმცა არასრულწლოვანი ისევე როგორც დაზარალებულის დედა ირწმუნება, რომ შვილი მამას არ უცემია.
მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მუდმივად მძიმე ფსიქოტროპული წამლები სჭირდება. მისი თქმით, იმ დღესაც, როდესაც ინციდენტი მოხდა, ცუდად იყო, ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქცევას და დაზიანება მშობლების მხრიდან მისი დაწყნარების მომენტში მიიღო.
გოგოს დედა პოლიციას ქალიშვილის ცემისთვის დაკავებული ქმრის გათავისუფლებას სთხოვს, რადგან მისი დაკავების შემდეგ ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.
იმას, რასაც დღეს არც ოჯახის წევრები და აღარც არასრულწლოვანი გოგო არ ადასტურებენ, მომხდარის დღესვე უამბეს პოლიციას და ექიმს, რომელმაც ნაცემ არასრულწლოვანს ამბულატორიული დახმარება გაუწია.
არასრულწლოვნის საქმეს სოციალური აგენტი სწავლობს. წარსულში ამ ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მასზე მამამ იძალადა.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.