გუდაურის საბაგირო გზა ამ დრომდე დაკეტილია. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რომლებმაც მომხდარის მიზეზები უნდა დაადგინონ.
ტურისტები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ, ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ ადგილობრივებიც.
საძელეზე მუშაობა დღეს შეჩერებულია და ადგილობრივები ელოდებიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ასვლას იმისთვის, რომ დადგინდეს ტექნიკური გაუმართაობის გამომწვევი მიზეზი.
თვითმხილველებისთვის გაურკვეველი იყო, რას აკეთებდა შემთხვევის დროს მთის კურორტების კომპანია, რადგან საბაგიროზე მყოფებს გადმოხტომა უწევდათ.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც მომხდარს ობიექტურად გამოიძიებენ.
შემთხვევა საძელე საბაგიროზე გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა და საბაგირომ უკუსვლა მოულოდნელად დაიწყო.
შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, რომელთა ნაწილი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში მკურნალობის გასაგრძელებლად.