ნადირობა უპატრონო საფლავებზე - ათობით განსასვენებელი ვანდალიზმის მსხვერპლია. ირკვევა, რომ უძველეს საფლავებს ჯერ ანაგვიანებენ და შემდეგ ძარცვავენ, იპარავენ ქვებს, რომელსაც შემდეგ თავიდან ყიდიან და სხვა გარდაცვლილის მემორიალს ამზადებენ.
თუ საფლავს პატრონი ამ შემთხვევაშიც არ გამოუჩნდება, ტერიტორიას ყიდიან და იქ უკვე სხვა ჭირისუფალი სხვა გარდაცვლილს მარხავს.
ე.წ. მიტოვებული საფლავების მიმართ კომერციული ინტერესი რომ არსებობს, ამაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ბუბა კუდავაც ღიად ყვება. ისტორიკოსი დიდი ხანია, თბილისის ძველ სასაფლაოებზე პოტენციურად კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს ფოტოკამერით აღბეჭდავს და შემდეგ აარქივებს.
საფლავების განადგურება კი, ისტორიკოსის შეფასებით, მიზანმიმართულად და ეტაპობრივად ხდება.
საფლავების გასხვისებას, გარდა იმისა, რომ მორალური პრობლემაა, თან ახლავს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის დილემაც.
თბილისის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია, ამბობს, რომ ე.წ. მიტოვებული საფლავების გასხვისების პრაქტიკა არ არსებობს, რადგან ამ საკითხს კანონი არეგულირებს და, თუ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა, ეს ერთეულ შემთხვევებს უნდა მივაწეროთ.
მერიამ საკითხის ირგვლივ ბუნდოვანება რომ გაფანტოს, ე.წ. უპატრონო საფლავების ბაზების შექმნა დაიწყო.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი