გურული პედაგოგები ადგილობრივი ხელისუფლებას უპირისპირდებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის თემის სამი საჯარო სკოლის ასამდე მასწავლებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი კუთვნილი მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. საუბარია ურეკის სანაპირო ზოლში მილიონ ნახევრად შეფასებულ მიწის ფართობზე, რომელიც სულ რაღაც 9 ათას ლარად აუქციონზე გაიყიდა.
პედაგოგები ამბობენ, რომ აუქციონის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ და ადგილობრივმა მთავრობამ ეს მიზანმიმართულად დამალა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც მიწის გასხვისების დროს გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, განმარტავს რომ აუქციონი ფარულად არ ჩატარებულა, ინფორმაცია საჯარო იყო და მუნიციპალიტეტის მხრიდან დარღვევები არ ყოფილა.
მასწავლებლებს, რომლებიც მიწის დაკანონებას წლებია უშედეგოდ ითხოვდნენ, ხვალ საჩივარი სასამართლოში შეაქვთ.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე.