გუდაურში, საბაგიროს დაზიანებისას დაშავებულთა ნაწილი კვლავ საავადმყოფოში რჩება.
„საძელესთან“ ამ დრომდე მუშაობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც უნდა დაადგინონ თუ რამ გამოიწვია საბაგირო გზის დაზიანება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ მათ დაშავებულ უცხოეთის მოქალაქეებს მომავალ სეზონზე უფასოდ დასვენება შესთავაზეს. ჩოგოვაძე ამბობს, რომ ტურისტებმა მიპატიჟება დიდი სიხარულით მიიღეს.
„რჩება ოთხი დაშავებული, ერთი დღეს გაეწერება. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს და მათ თანმხლებ პირებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ასევე შევთავაზეთ, მომავალი ზამთრის სეზონზე საქართველოში სტუმრობა. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია და გამოხატეს სურვილი საქართველოში სტუმრობის.
როგორც ავსტრიელი ასევე ფრანგი ექსპერტები მუშაობენ გუდაურში და უახლოეს დღეებში გვეცოდინება წინასწარი შეფასება თუ რა მოხდა გუდაურში საბაგიროზე“ - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
ექიმების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეს ხერხემლის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს კარგად გრძნობს შვედეთის მოქალაქე, რომელიც ორსულად იმყოფება. დაშავებულები მოინახულა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.
„ერთ-ერთ მათგანს გაუკეთდა ოპერაცია. არანაირ გართულებას ადგილი არ აქვს. ვფიქრობთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დანარჩენებიც გაეწერებიან.
„მედი ქლაბში“ რჩება შვედეთის მოქალაქე. მისი მდგომარეობაც აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, რადგანაც გახლავთ 15 კვირის ორსული. სასურველია, რომ მწოლიარე მდგომარეობაში მოხდეს მისი ტრანსპორტირება, თუმცა მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“- განაცხადა სოფორმაძემ.