18 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
გუდაურში "საძელესთან" ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ

გუდაურში ამ დრომდე მუშაობენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები. სპეციალისტები სწავლობენ როგორც უშუალოდ მწყობრიდან გამოსულ საბაგიროს, ასევე მთელ ტექნიკურ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც უკვე მომზადდება ექსპერტიზის პირველადი დასკვნა.

მათ უნდა დაადგინონ, რამდენად შესაძლებელი იყო ინციდენტის თავიდან აცილება და ემუქრება თუ არა საფრთხე კურორტზე მოქმედ სხვა საბაგიროებსაც. დალუქულია უშუალოდ ის საბაგირო, სადაც სამი დღის წინ 11 ადამიანი დაშავდა. სხვა საბაგიროები კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„ჯერჯერობით არაფერია გამოკვეთილი. გვიანობამდე მიმდინარეობდა მოკვლევა ადგილის და თვითონ ამ საოპერატორო ჯიხურის. დილის 4 საათამდე მიმდინარეობდა მუშა შეხვედრა. ჯერჯერობით მიმდინარეობს დოკუმენტაციის გაცნობა, რომელიც არ დასრულებულა და შესაბამისად გამოძიებაც არ დასრულებულა. როდესაც დასრულდება ამ დოკუმენტაციის გაცნობა, შემდეგ შეგვიძლია უკვე რაღაც კონკრეტული პასუხის გაცემა. ყოველ წელს, სეზონის ბოლოს და სეზონის დასაწყისში მიმდინარეობა სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, არცერთი საბაგირო თუ მწყობრში არ არის, არ მუშაობს. აქედან გამომდინარე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დანარჩენი საბაგიროები მუშაობს კარგად“- ამბობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭირაქაძე.

საძელეზე“ მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, გუდაურში, ტურისტების ნაკადი არ წყდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩამოსული ტურისტების თქმით, შემთხვევის შესახებ გამომგზავრებამდე შეიტყვეს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი მაინც არ თქვეს.

„მე და ჩემი მეგობარი დუბაიდან ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ ჩამოვედით. მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ დუბაიში შევიტყეთ, მაგრამ ამის გამო გეგმების შეცვლა ნამდვილად არ გვიფიქრია.ვფიქრობ აქ საკმაოდ უსაფრთხოა, ნამდვილად არ მეშინია საბაგიროთი ასვლა“ ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

დღის ამბები