გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტის თქმით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია და სოფო კილაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ნათია ბარბაქაძეს, მანუჩარ კაპანაძეს და მურმან ისაევს აშანტაჟებენ და ამ გზით ითხოვენ ელისო კილაძის შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.
ჟურნალისტი ამბობს, რომ დავით ხარშილაძის წინააღმდეგ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ეს საქალაქო სასამართლოს განაჩენმაც დაადასტურა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული სრულად გამართლდა.
დღესვე კილაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება შეიტანა და მოსამართლეების სამსახურეობრივი საქმიანობის მოკვლევა მოითხოვა.
წერილი დაეგზავნათ სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსაც.
„მთავარმა პროკურატურამ ეს საქმე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, გაიმართა ერთი სხდომა, ამ სხდომაზე პროკურატურას არანაირი ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ამის შემდეგ სრულიად მოულოდნელად სხდომა გადაიდო ერთი თვით და სხდომა გაიმართება 22 მარტს.
„ქართული ოცნების“ შიგნით საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი დღემდე დაჟინებით ითხოვს ჩემს სამაგალითოდ დასჯას. ეკა ბესელიას არგუმენტები ჩემთვის კიდევ უფრო გასაგებია, იმიტომ რომ მე მასთან წლების განმავლობაში მქონდა გარკვეული ტიპის დაპირისპირებები, სოფიო კილაძის ამ პოზიციის მიზეზი არ ვიცი, ეტყობა ჩემი გვარი არ მოსწონს. შეიძლება ეს ხორციელდებოდეს სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე ეკა ბესელიას მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეშვეობით, ანუ ტრადიციული სახელისუფლებო სქემა“-ამბობს კილაძე.