18 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საყდრისში - RMG-ის თანამშრომლები პოლიტიკოსებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

საყდრისში სამოქალაქო აქტივისტებისა პოლიტიკოსების გამოჩენას ხმაური და კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოჰყვა. RMG-ის თანამშრომლები დღესაც არ აპირებდნენ საყდრისის გადარჩენის ფონდის წევრების შეშვებას ტერიტორიაზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ჰყიდის და რომლითაც სწორედ ოქროს მომპოვებელი კომპანიაა დაინტერესებული.

ადგილზე ჩასულმა აქტივისტება შლაგბაუმის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შემდეგ RMG-ის თანამშრომლებმა ადგილზე ჩასული სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ტერიტორიაზე მაინც შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირება საყდრისის საბადოს ტერიტორიაზეც გაგრძელდა. 

RMG-ის წარმომადგენლებმა ადგილზე მყოფ პოლიტიკოსებსა და საყდრისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებს სთხოვეს რუქაზე ეჩვენებინათ ის ადგილი, რომლის აუქციონზე გატანასაც აპროტესტებენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეებს წარმოდგენაც არ აქვთ რა ადგილზე საუბრობენ.

მათ საპასუხოდ კი აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე და აუქციონში თავად მიიღებენ მონაწილეობას. 

„სპეცსამსახური ჰყავთ თავიანთი, რეალურად რომელიც არის სუსიც, პროკურატურაც, გუბერნატორიც. ყველაფერი ამ მხარეში არის ეს. ეს არის დანაშაულის მორიგი ნათელი მაგალითი, რაც ჩაიდინა დღეს RMG და მიხარია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ გაერთიანებული. არაერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, საყდრისის დაცვის კომიტეტი და ამ საკითხს ერთად ყველანი მივიყვანთ ბოლომდე და ივანიშვილს არ გავატანთ სახლში დამატებით ასობით დოლარს,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.  

დღის ამბები