აქცია საყდრისის საბადოზე დასრულებულია. ტერიტორიის დასრულების შემდეგ, პოლიტიკოსები და საყდრისის გადარჩენის ფონდის წევრები ბოლნისში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს და მიაწოდეს ინფორმაცია თუ რამდენად სახიფათოა RMG GOLD-ისთვის დამატებით 16 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზეც კომპანია გეგმავს საკუთარი სამუშაოების გაფართოებას.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა დაპირისპირება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და კომპანია RMG GOLD-ის თანამშრომლებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს იმ ტერიტორიის დათვალიერება, რომელზეც აუქციონია გამოცხადებული და აღნიშნეს, რომ ამ ადგილს კომპანია უკვე იყენებს.
„ჩვენ ვხედავთ რა მასშტაბზეა ლაპარაკი. ამ ტყუილის ფონზე როდესაც საზღვრები დადგენილი არ არის, არ გვაჩვენებენ რეალურად რა ტერიტორიაზეა ლაპარაკი. ვიცით, რომ მსგავსი ქმედებები მიმდინარეობს სხვა წერტილებშიც, რომელიც არის სავსე არქეოლოგიური ძეგლებით,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა აჩვენეს სულ სხვა ადგილი, რომელიც თითქოსდა აუქციონზე იყო გამოტანილი რეალურად კი ამით შეეცადნენ დაემალათ თავიანთი უკანონო საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ საყდრისის ტერიტორიას.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით კი ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ სწორი კოორდინატები და ტერიტორიაზე, რომელიც მათ ჰქონდათ მონიშნული ამ ეტაპზე RMG -ის ათვისებული არ აქვს და იქ სამუშაოები არ მიმდინარეობს.
აუქციონი 16 ჰექტარი მიწის ფართობზე ხვალ ჩატარდება.