50 წლის მამაკაცი სოფელ მუხურას ცენტრში უამრავი ხალხის თვალწინ დაწვეს. 70 წლამდე თანასოფლელმა მერაბ ქურციკიძეს ჯერ ბენზინი სახეში შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტია, რომელიც საბოლოოდ ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა.
კონფლიქტი დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს შორის ერთი წლის წინ დაიწყო. ეჭვმიტანილის ოჯახი შვილის სიკვდილში მერაბ ქურციკიძეს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით დაზარალებულმა გასულ წელს ტრაქტორით შესასრულებელ სამუშაოში დახმარება სწორედ ეჭვმიტანილის შვილს თხოვა, მუშაობისას კი ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა.
თანასოფლელის დაწვაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
სოფელ მუხურაში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურციკიძე უდანაშაულოა და თანასოფლელი მას უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მას ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.