ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, "რუსთავი 2"-ზე და მის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოკითხვა მიმდინარეობს.
განყოფილებაში იმყოფება ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი, რომელიც თავდასხმის დროს გიორგი გაბუნიასთან ერთად საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
„ჩემი მანქანა ალყაში იყო და დაზიანებები მიაყენეს, დაზღვევაც მოვიდა. დაზღვევა შეისწავლის დაზიანებების საკითხს და კრიმინალურ პოლიციაში მივცემ ჩვენებას და კრიმინალური პოლიცია დაზიანების ფაქტზე გამოიძიებს. მოვყვებით ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით და დათო ერაძეც არის ძალადობასთან დაკავშირებით. ადგილზეც იყვნენ მოსულები, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, მეც ახლა მოვედი, რომ მივცე ჩვენება და ავუხსნა ყველაფერი რაც მოხდა, რასაც შევესწარი და დანარჩენს უკვე მეტყვიან,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
პოლიციაშია გამოკითხვაზე „კურიერის“ ჟურნალისტი დავით ერაძეც, რომელიც ე.წ. "ქართული მარშის" აქტივისტების თავდასხმის შედეგად დაზარალდა. ერაძე ჩვენებას აძლევს გამომძიებლებს, თუ რა ვითარებაში მოხდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ჟურნალისტს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დროებითი ჰოსპიტალიზება დასჭირდა.